ივანე
ბაბუაძე
პოეტი, მწერალი, წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე
1903
|
193(?)
დაიბადა 1903 წელს სოფელ საქარაში (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, დასავლეთ საქართველო). საშუალო განათლებით. 1919 წლიდან იყო “ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის” (ქართული სოციალ–დემოკრატიული მუშათა პარტიის ახალგაზრდული განყოფილების) წევრი.
1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ივანე ბაბუაძე სწავლობდა თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტში და ამავდროულად მუშაობდა თბილისის რკინიგზის სამმართველოში. იყო საქართველოს სოციალ–დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი და ჩართული იყო იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობაში.
ის პირველად დააპატიმრა საქართველოს სსრ ჩეკამ 1921 წელს. 2 თვე გაატარა ციხეში. 1923 წელს ისევ დააპატიმრეს არალეგალური პროკლამაციებისა და ლიტერატურის გავრცელებისათვის.
ივანე ბაბუაძემ თავისი შემოქმედებითი კარიერა დაიწყო 1925 წელს. წერდა ფსევდონიმით “ვანლერ დაისელი”. მისი შემოქმედება მოდერნიზმის, სიმბოლიზმის და ექსპრესიონიზმის ნაზავს წარმოადგენდა და პატრიოტული სულისკვეთებით იყო განმსჭვალული.
1925 წლის 30 ივნისს ვანლერ დაისელი კვლავ დააპატიმრა ჩეკამ. 1925 წლის 9 ნოემბერს საქართველოს სსრ ჩეკას კოლეგიამ მას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საბრალდებო დასკვნაში ჩეკას გამომძიებელი ასე ახასიათებს ვანლერ დაისელს:
“ … ივანე ბაბუაძე საბჭოთა სახელმწიფოს შეურიგებელი მტერია. კონკრეტულად: ის ჩართული იყო მენშევიკთა არალეგალური ორგანიზაციის საქმიანობაში, არის მისი აქტიური წევრი, მონაწილეობს არალეგალურ შეხვედრებში, კრეფს საწევროს და ეწევა აგიტაციას არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ …”
ციხიდან განთავისუფლების შემდეგ ვანლერ დაისელმა გააგრძელა შემოქმედებითი ცხოვრება. 1929 წელს ის აქვეყნებს პოეტურ კრებულს “ბალადა დაღუპულ ვეფხვზე”.
თვალსაჩინო სიმბოლოების გამო (1921 წელს, საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ, თბილისის ახლოს მოკლეს კასპიის ვეფხვი. ეს ამბავი საზოგადოებამ მიიღო, როგორც საბჭოთა რუსეთის მიერ თავისუფალი საქართველოს განადგურების სიმბოლო. წიგნის ყდის დიზაინიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშის ფერებში იყო გადაწყვეტილი). ცენზურამ სწრაფად ირეაგირა და ვანლერ დაისელი ისევ დააპატიმრეს.
23 ოქტომბერსა და 10 ნოემბერს საქართველოს სსრ და ამიერკავკასიის სფსრ ГПУ–ს კოლეგიებმა მას საკონცენტრაციო ბანაკში 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ის გადააგზავნეს მოსკოვში, ბუტურსკის ციხეში ОГПУ–ს განკარგულებაში. ბოლო დოკუმენტი, რომელიც მის ბედზე მოგვითხრობს, არის ვანლერ დაისელის მიმართვა რუსული პოლიტიკური წითელი ჯვრის მიმართ.
ვანლერ დაისელი უგზო–უკვლოდ დაიკარგა გადასახლებაში. ამ დრომდე უცნობია მისი სიკვდილის დრო, ადგილი და მიზეზი.
საქართველოს სსრ ყოფილი КГБ–ს არქივში დაცულია ივანე ბაბუაძის
სისხლის სამართლის 2 საქმე – N23165 და N25256. საქმეები შეიცავს დაპატიმრების ორდერებს, ივანე ბაბუაძისსა და სხვა პატიმართა ანკეტას, დაკითხვის ოქმებს, ჩეკას სხვადასხვა განყოფილებების მიმოწერას მათ შესახებ, ბაბუაძის განცხადებებს და სხვ. სახელმწიფო უშიშროება ფოკუსირდება ივანე ბაბუაძის როლზე იატაკქვეშა მოძრაობაში და მის შემოქმედებით ცხოვრებაზე არანაირ აქცენტს არ აკეთებს. 1929 წელს მისი უკანასკნელი დაპატიმრების დოკუმენტები არქივში არ მოიპოვება, ამიტომ კვლავ ბუნდოვანია, როგორი რეაქცია ჰქონდა კომუნისტურ პარტიასა და სახელმწიფო უშიშროებას მის ბოლო წიგნზე, “ბალადა დაღუპულ ვეფხვზე”.
ვანლერ დაისელის შესახებ არსებული КГБ–ს დოკუმენტების ნახვა და ჩამოტვირთვა შესაძლებელია უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობის ციფრულ არქივში.