ua
en
cz

ზვიად

 

გამსახურდია

პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი

1939
|
1993

დაიბადა 1939 წლის 31 მარტს თბილისში, ცნობილი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში.

დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია.

1956 წლის 15 დეკემბერს ის კლასელებთან და მეგობრებთან ერთად დააპატიმრა საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა, როგორც არალეგალური პროკლამაციების გამავრცელებელი და ანტისაბჭოთა ჯგუფის ორგანიზატორი. 1957 წლის 5 აპრილს საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა განაჩენი პირობითი სასჯელით შეეცვალა.

1960–იან წლებში ის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტი. იყო ქართულ მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული ქართლი ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–მუშაკი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. აქვეყნებდა ესეებს, ლექსებსა და დასავლური ლიტერატურის თარგმანებს.

1974 წელს ზვიად გამსახურდიამ, მერაბ კოსტავამ და ვიქტორ რცხილაძემ ჩამოაყალიბეს არალეგალური “ადამიანის უფლებათა დაცის საინიციატივო ჯგუფი”.

1976 წელს ზვიად გამსახურდია იყო “საქართველოს ჰელსინკის კავშირის” ერთ–ერთი დამაარსებელი. ჩართული იყო არალეგალური დისიდენტური ჟურნალებისა და პროკლამაციების გავრცელებაში.

1977 წლის 11 აპრილს საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა ზვიად გამსახურდია კვლავ დააპატიმრა.

საქართველოს სსრ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის განაჩენში მითითებულია:

“...იმისათვის, რომ შეენიღბათ თავიანთი ანტისაბჭოთა მოღვაწეობა და მეტი მნიშვნელობა მიეცათ მათ მიერ მომზადებული ცილისმწამებლური დოკუმენტებისათვის, “ადამიანის უფლებათა დაცვის” ლოზუნგის გამოყენებით, გამსახურდიამ და კოსტავამ, რცხილაძესა და სხვებთან ერთად, 1974 წელს თავიანთი თავი გამოაცხადეს “ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფად საქართველოში” და ამ საფარქვეშ გაშალეს მუშაობა.
1974 წლიდან გამსახურდიამ აქტიურად დაიწყო ანტისაბჭოთა ლიტერატურის შეძენა და გამრავლება, რისთვისაც იხდიდა მნიშვნელოვან თანხას. 1974 წლის გაზაფხულზე მან. ქ. მოსკოვში, ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიასთან 150 მანეთად შეიძინა ქ. პარიზის ანტისაბჭოთა გამომცემლობა “იმკაპრესის” მიერ გამოცემული სსრ კავშირიდან მტრული მოღვაწეობისათვის გაძევებული, ა. სოლჟენიცინის წიგნის “არქიპელაგ გულაგის” პირველ-მეორე ნაწილის ერთი და მესამე-მეოთხე ნაწილის ორი ეგზემპლარი, რომლებშიც დამახინჯებულადაა გაგებული მარქსისტულ-ლენინური მოძღვრება სოციალისტური რევოლუციისა და პროლეტარიატის დიქტატურის შესახებ. მტრული, ღვარძლიანი ანალიზი აქვს გაკეთებული სოციალისტური მშენებლობის გზებს ჩვენს ქვეყანაში და რომელიც ცილისმწამებლურად უტეხს სახელს სსრ კავშირის პარტიულ და სახელმწიფო აპარატის მუშაობას სოციალისტური მშენებლობის ყველა ეტაპზე. აღნიშნული წიგნის გამრავლების მიზნით, გამსახურდიამ 25 მანეთად შეიძინა ფოლგები ოფსეტური ბეჭდვისათვის. გამსახურდიას მითითებით, შესაბამისი ანაზღაურების ფასად, პოლიგრაფისტმა ნ. ი. ქავთარაძემ დაბეჭდა “არქიპელაგ გულაგის” პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები...
იმისათვის, რომ ფართო და სისტემატიური ხასიათი მიეცათ თავიანთი ანტისაბჭოთა პროპაგანდისტული მოღვაწეობისათვის, გამსახურდიამ და კოსტავამ 1976 წელს, რცხილაძესთან ერთად დაიწყეს არალეგალური ჟურნალების - “ოქროს საწმისისა” და “საქართველოს მოამბის” გამოცემა, რომელთა ფურცლებზე იბეჭდებოდა ისეთი წერილები, რომლებიც შეიცავდა ცილისწამებას სკკ პარტიისა და საბჭოთა მთავრობის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართ, დამახინჯებული ფორმით წარმოადგენდა სსრ კავშირის საშინაო პოლიტიკურ მდგომარეობას, პროპაგანდას უწევდა საბჭოთა სახელმწიფოს და საზოგადოებრივი წეს-წყობილების სახელის გამტეხ მონაჭორს, ხოტბას ასხამდა პირებს, რომლებიც შეიარაღებულ ბრძოლას ეწეოდნენ საბჭოთა ქვეყნის მიმართ.
გამსახურდია სხვადასხვა საშუალებით ცდილობდა გაემრავლებინა ჟურნალი “საქართველოს მოამბე”. 1976 წლის დეკემბერში გამსახურდიამ შეძლო ოფსეტური ბეჭდვით გაემრავლებინა “საქართველოს მოამბის” და “ოქროს საწმისის” ეგზემპლიარები.
მას შემდეგ, რაც გამსახურდიამ, კოსტავამ და რცხილაძემ მნიშვნელოვანი რაოდენობით გაამრავლეს აღნიშნული ჟურნალები, შექმნეს პირობები ამ ჟურნალების გავრცელებისათვის, როგორც სსრ კავშირის ტერიტორიაზე, ისე - საზღვარგარეთ. ასეთნაირად აღმოჩნდა ეს ჟურნალები საზღვარგარეთ და გამოყენებულ იქნა ანტისაბჭოთა რადიოსადგურ “თავისუფლების” მიერ საბჭოთა სახელმწიფოს მიმართ მტრული მიზნებისათვის…”

1977 წლის მაისში საქართველოს სსრ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ ზვიად გამსახურდიას 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის “შრომა-გასწორების კოლონიაში”, მაგრამ ის გააგზავნეს “თავისუფალ გადასახლებაში” დაღესტნის ასსრ–ში (ჩრდილოკავკასიაში), რადგანაც გამსახურდიამ “ბრალი აღიარა” და გამოძიებასთან თანამშრომლობას დასთანხმდა – საჯაროდ მოინანია სატელევიზიო გამოსვლაში, რითაც მისი დისიდენტობის რეპუტაციას დიდი ზიანი მიადგა.

გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ გამსახურდიამ განაგრძო ლიტერატურული საქმიანობა თბილისში.

1987 წლიდან მერაბ კოსტავას (რომელმაც 10 წელი გაატარა ციმბრში, ციხეებსა და გადასახლებაში) ავტორიტეტის მხარდაჭერით, ზვიად გამსახურდია მალე გახდა საპროტესტო მოძრაობის ლიდერი და 1988–1989 წლებიდან საქართველოში მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციებისა და საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ყველაზე აქტიური ორგანიზატორი, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით იმართებოდა.

1989 წლის 9 აპრილს თბილისში მშვიდობიანი მასობრივი დემონსტრაციის სისხლიანი დარბევის შემდეგ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა კვლავ დააკავა გამსახურდია, როგორც აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი, მაგრამ ის მალე გაათავისუფლეს საზოგადოების ზეწოლის შედეგად.

1990 წლის ოქტომბრის საბჭოთა მრავალპარტიული არჩევნების შემდეგ ზვიად გამსახურდია, როგორც ოპოზიციური ბლიკის, “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს” ლიდერი, აირჩიეს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ. საბჭოს მაშინვე შეუცვალეს სახელი და უწოდეს “საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო”.

1991 წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 1991 წლის 26 მაისს ზვიად გამსახურდია აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად.

1991 წლის დეკემბრის ბოლოს თბილისში დაიწყო სამხედრო გადატრიალება. 1992 წლის 6 იანვარს ზვიად გამსახურდიამ დატოვა თბილისი და გადავიდა ჯერ სომხეთში და შემდეგ გროზნოში (ჩეჩნეთში).

1993 წლის 24 სექტემბერს, ქართულ–აფხაზური ომის დროს, ზვიად გამსახურდია დაბრუნდა დასავლეთ საქრთველოში და ცდილობდა გამოეყენებინა შესაძლებლობა და სიტუაციაზე კონტროლი აეღო, რომ არმია მის დაქვემდებარებაში გადასულიყო, აფხაზებისა და მისი მოკავშირეების წინსვლა შეეჩერებინა და შედეგად, ასევე დაებრუნებინა ძალაუფლება მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს ნაბიჯი კატასტროფული შედეგით დამთავრდა მისთვის და მთელი ქვეყნისთვისაც – საქართველოს შეიარაღებული ძალები დაიქსაქსა, სოხუმი დაეცა და აფხაზეთის ავტონომია სეპარატისტების კონტროლქვეშ გადავიდა. საქართველო სამოქალაქო ომის ჯოჯოხეთში ჩაიძირა.

ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 სექტემბერს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა სოფელ ხიბულაში, სამეგრელოში. თვითმკვლელობის ოფიციალური ვერსია დღემდე ბევრ კითხვას და მანიპულაციის შესაძლებლობას ბადებს.

საქართველოს სსრ ყოფილი КГБ–ს არქივში დაცულია ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სისხლის სამართლის საქმე N7726. 4 ძირითადი ტომი: გამოძიების მასალები, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დაკითხვის ოქმები, მათი მიმართვები და სხვა საბუთები საქმეში არაა. სავარაუდოდ, ეს ტომები გამსახურდიას მეუღლემ გაიტანა არქივიდან 1991 წელს. ყველა დარჩენილ ტომში დოკუმენტების ფართო სპექტრია შემონახული: მოწმეთა დაკითხვის ოქმები, ეჭვმიტანილთა ამოცნობის აქტები, ექსპერტიზის დასკვნები, სახლის ჩხრეკის ოქმები და მოპოვებული არალეგალური ლიტერატურისა და დოკუმენტების დეტალური აღწერა და გამსახურდიას, კოსტავას და ჰელსინკის ჯგუფის მიერ დაბეჭდილი არალეგალური გამოცემების ორიგინალები.

ზვიად გამსახურდიას შესახებ არსებული КГБ-ს დოკუმენტების ნახვა და ჩამოტვირთვა შესაძლებელია უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობის ციფრულ არქივში.