ua
en
cz

ივანე (ჟანგო)

 

ღოღობერიძე

პოეტი

1905
|
1937

ივანე (ჟანგო) ღოღობერიძე დაიბადა სოფელ ფარცხანაყანევში, დასავლეთ საქართველოში, (ქუთაისის რაიონი).

1920–იან წლებში იყო ფუტურისტთა ჯგუფის წევრი. ავანგარდისტული ჟურნალის, H2SO4–ის ერთ–ერთი დამფუძნებელი.

1927 წელს ქართველ მწერალთა კავშირმა და განათლების სახალხო კომისარიატმა ის გაგზავნა საფრანგეთში უმაღლესი განათლების მისაღებად, სადაც ჟანგო ბოჰემურ ცხოვრებას მიეცა. მან გაიცნო და ახლო მეგობრობა ჰქონდა ემიგრაციაში მცხოვრებ არტისტებთან – სალომე ანდრონიკაშვილთან, ვერა შუხაევასთან, ლუსიენ ფოგელთან და უკრაინელ პოლიტიკოსთან და მწერალთან – ვოლოდიმირ ვინიშჩენკოსთან. ჟანგო ღოღობერიძე 1932 წელს საფრანგეთის პოლიციამ ქვეყნიდან გამოაძევა.

შემდგომ წლებში ცხოვრობდა მოსკოვში, მუშაობდა “ლიტერატურნაია გაზეტას” რედაქციაში. 1937–1938 წლების დიდი ტერორის დროს, 5 აპრილს სსრკ შინსახკომმა ჟანგო ღოღობერიძე მოსკოვში დააპატიმრა. 14 აპრილს ის თბილისში გადმოგზავნეს საქართველოს სსრ შიკსახკომის განკარგულებაში. გამოძიება მას ბრალად სდებდა “კონტრევოლუცური ტროცკისტული ორგანიზაციის” წევრობას და უცხო ქვეყნის ჯაშუშობას, კავშირს მის ბიძაშვილ ლევან ღოღობერიძესთან (ქართველი ბოლშევიკების ყოფილ ლიდერთან) და გიორგი ელიავასთან (ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის დირექტორთან).

საბრალდებო დასკვნაში მითითებულია:

“...საზღვარგარეთ ყოფნისას, ი.ს. ღოღობერძე ლევან ღოღობერიძის დავალებით დაუკავშირდა უკრაინული კონტრრევოლუციური ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელს, ვინიშჩენკოს, ჰქონდა მასთან სისტემატური შეხვედრები და ამარაგებდა მას მტრული და ყალბი ინფორმაციით საქართველოს სსრ–ს შესახებ ... საფრანგეთში ყოფნის დროს, 1927–1932 წლებში ი.ს. ღოღობერიძე დაუკავშირდა საფრანგეთის საიდუმლო პოლიციის აგენტს, ემიგრანტებს – სალომე ანდრონიკოვს და ვერა შუხაევას და ფრანგ ჟურნალისტს, ლუსიენ ფოგელს, რომელიც საფრანგეთის საიდუმლო პოლიციისთვის მუშაობდა …
მოსკოვში ცხოვრებისას, როცა ი.ს. ღოღობერიძე “ლიტერატურნაია გაზეტას” მდივნად მუშაობდა, მან გააბა მეგობრობა კონტრრევოლუციურ ელემენტებთან მწერალთა წრეში (რეზნიკი, სელივანოვსკი, პოსტუპალსკი და სხვ.) და მათთან ერთად კონტრრევოლუციური პოზიციიდან აკრიტიკებდა ბოლშევიკური საკავშირო კომუნისტური პარტიის პოლიტიკას ლიტარატურის დარგში. “ლიტერატურნაია გაზეტაში” გამოქვეყნებულ სტატიებში ის გამოთქვამდა კონტრრევოლუციურ მოსაზრებებს ლიტერატურის შესახებ და ეხმარებოდა კონტრრევოლუციურად განწყობილ და მტრული პოზიციების მქონე მწერლებს, რომ მათი ნაწარმოებები გაზეთში დაბეჭდილიყო…”.

1937 წლის 12 სექტემბერს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ ჟანგო ღოღობერიძეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ის დახვრიტეს იმავე ღამით, 1937 წლის 13 სექტემბერს.

ჟანგო ღოღობერიძე რეაბილიტირებულია 1989 წელს.

საქართველოს სსრ ყოფილი КГБ–ს არქივში დაცულია ივანე (ჟანგო) ღოღობერიძის სისხლის სამართლის საქმე N371145 – 4 ტომი. სისხლის სამართლის საქმის ძირითადი ნაწილი 1991 წელს გადაეცა ქართული ლიტერატურის მუზეუმს და შემდგომ დაიკარგა, ან დაიწვა სხვა რეაბილიტირებული პირების საქმეებთან ერთად თბილისში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების დროს 1991 წლის დეკემბერში, როცა ყოფილი КГБ–ს შენობა დაიწვა. აქ მოხსენიებული 4 ტომი წარმოადგენს საზედამხედველო წარმოების მასალებს სისხლის სამართლის საქმეზე, სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის სესიის მასალებს, ჟანგო ღოღობერიძის პირად საბუთებს და შინსახკომის პატიმრის სარეგისტრაციო ფოტოს.

ჟანგო ღოღობერიძის შესახებ არსებული КГБ–ს დოკუმენტების ნახვა და ჩამოტვირთვა შესაძლებელია უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობის ციფრულ არქივში.