ua
en
cz

დავით

 

ქარცივაძე

პოეტი, ოფიცერი, პოლიტიკოსი

1881
|
1924

დაიბადა 1881 წელს ქალაქ ოზურგეთში (გურია, დასავლეთ საქართველო). ტფილისის იუნკერთა სასწავლებლის კურსდამთავრებული. მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში, უმცროს ლეიტენატად ელიზავეტოპოლის N156 ქვეითთა პოლკში. 1903 წლიდან იყო რუსეთის სოციალ–დემოკრატიული მუშათა პარტიის იატაკქვეშა ორგანიზაციის წევრი.

ამავე დროს თავის ლექსებს აქვეყნებდა ქართულ პრესაში ფსევდონიმით “დ. მეჩონგურე”, “დ. ელპიტიშვილი”.

აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რუსეთის პირველ რევოლუციაში, დასავლეთ საქართველოში, თავის მშობლიურ გურიაში, რომელიც ყველაზე აქტიურ ზონას წარმოადგენდა რევოლუციურ მოძრაობაში.1906 წელს დააპატიმრეს და მიუსაჯეს ოთხწლიანი კატორღა. პატიმრობის შემდეგ, 1910 წლიდან ცხოვრობდა გადასახლებაში ციმბრიში - ირკუტსკში. დავით ქარცივაძე 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გადასახლებიდან გაათავისუფლეს. იგი სამშობლოში დაბრუნდა.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918–1921) დავით ქარცივაძე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კულტურულ–საგანმანათლებლო სექციის თავმჯდომარედ. სავარაუდოდ, ამავე პერიოდში ის მსახურობდა რესპუბლიკის სამხედრო კონტრდაზვერვაში. იყო ქართველ მწერალთა კავშირის წევრი. ამავდროულად ის კვლავინდებურად ირიცხებოდა ქართული სოციალ–დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრად.

1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დავით ქარცივაძე ჩაერთო წინააღმდეგობის მოძრაობაში და მუშაობდა იატაკქვეშეთში ოფიცერთა მობილიზაციისათვის. ოფიციალურად იგი მუშაობდა საქართველოს სსრ სურსათის სახალხო კომისარიატში, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში და კოოპერატიულ ბანკში. იყო ყოფილ პოლიტიკატორღელთა საზოგადოების წევრი და კვლავ ირიცხებოდა საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის წევრად.

საქართველოს სსრ ჩეკამ დავით ქარცივაძე დააპატიმრა 1922 წლის 24 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისისადმი მიძღვნილი საპროტესტო დემონსტრაციის წინ. იჯდა მეტეხის ციხეში (N2 გამოსასწორებელ სახლში). ჩეკა პერმანენტულად უგრძელებდა პატიმრობის ვადას, მიუხედავად მწერალთა კავშირის, ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიმართვებისა და დავით ქარცივაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა.

დავით ქარცივაძის შესახებ ჩეკას აგენტურულ შეტყობინებაში მითიტებულია:

“...პატიმრობისას მუდმივად აწარმოებდა მოლაპარაკებებს ისიდორე რამიშვილთან, დგებუაძესთან, ეროვნული გვარდიის შტაბის წევრ კახიანთან და ვარდოიანთან. იბირებდა დაპატიმრებულ ოფიცრებს “განთავისუფლების შემდეგ” მუშაობისათვის … პატიმრობისას ქარცივაძე მენშევიკების გადასახლების წინააღმდეგ მიმართული “მუშათა პროტესტის” რედაქტორი იყო…”

1923 წლის 26 ივლისს საქართველოს სსრ ჩეკას პრეზიდიუმმა მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ОГПУ–ს კონტროლქვეშ, მაგრამ დავით ქარცივაძე მაინც თბილისის ციხეებში რჩებოდა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო.

1924 წლის 28 აგვისტოს საქართველოში მასობრივმა ანტისაბჭოთა აჯანყებამ იფეთქა. საბჭოთა რეჟიმმა მაშინვე დაიწყო პოლიტიკურ პატიმართა მასობრივი დახვრეტები. დავით ქარცივაძე დახვრიტეს თბილისში აჯანყების დღეებში (28 აგვისტო – 3 სექტემბერი) ასეულობით სხვა პოლიტიკურ პატიმართან და დატუსაღებულ მოქალაქესთან ერთად.

1927 წელს მისი ძმა, ივანე ქარცივაძე, რომელიც ასევე ქართული სოციალ–დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი იყო 1921 წლიდან ემიგრაციაში ცხოვრობდა, საიდუმლო ემისრად გამოგზავნეს სამშობლოში. ის მალევე დააპატიმრეს საქართველოში და ციმბირში გადაასახლეს, სადაც დახვრიტეს 1937–1938 წლების დიდი ტერორის დროს.

დავით ქარცივაძის განაჩენის სისრულეში მოყვანის შემდეგ მისი დღიურებისა და ხელნაწერების ნაწილი გადარჩა. ის ინახებოდა შთამომავლების ოჯახში. დღიურების ფრაგმენტები 1989 წელს დაიბეჭდა ქართულ პრესაში. ამჟამად მისი ხელნაწერების ნაწილი საქართველოს პარკამენტის ეროვნული ბიბლიოთეკას გადაეცა. მემორიალური ნივთები შთამომავლების ოჯახში ინახება.

საქართველოს სსრ КГБ–ს ყოფილ არქივში დაცულია დავით ქარცივაძის სისხლის სამართლის 2 საქმე - N22156 და N23277. საქმეები შეიცავს დაპატიმრების ორდერებს, დავით ქარცივაძის ანკეტას, დაკითხვების ოქმებს, ჩეკას სხვადასხვა განყოფილებების მიმოწერებს მის შესახებ. ქარცივაძის მიმართვებს (განცხადებებს), მის შესახებ არსებულ აგენტურულ ინფორმაციას და სხვ. სახელმწიფო უშიშროების სამსახური დავიდ ქარცივაძეს განიხილავდა, როგორც იატაქვეშელ სამხედრო ოფიცერს და მისი, როგორც პოეტისა და რევოლუციონერის როლი ინტერესის ობიექტეს არ წარმოადგენდა. ჩეკამ ასევე უპასუხოდ დატოვა დავით ქარცივაძის სახელზე შესული ქართველ მწერალთა კავშირის მიმართვები.

დავით ქარცივაძის შესახებ არსებული КГБ-ს დოკუმენტების ნახვა და ჩამოტვირთვა შესაძლებელია უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობის ციფრულ არქივში.