კოტე (კონსტანტინე)
მიქაბერიძე
მსახიობი, კინორეჟისორი
1896
|
1973
დაიბადა 1896 წელს ქალაქ ტემრიუკში, კრასნოდარის მხარეში (ახლანდელი რუსეთის ფედერაცია). დაამთავრა ქუთაისის საქალაქო სკოლა.
სასკოლო ასაკიდან ჩაება თეატრალურ ცხოვრებაში, მონაწილეობდა სასკოლო დადგმებში და სხვ. 1918 წლიდან გააგრძელა მსახიობობა პროფესიულ თეატრში. მუშაობდა სხვადასხვა ქალაქის თეატრებში: ქუთაისში, ბათუმში და სხვ.
1921 წლიდან იყო თბილისის რუსთაველის თეატრის მსახიობი. ამავე დროს დაიწყო კინომსახიობის კარიერაც. იყო ერთ–ერთი პოპულარული მსახიობი 1920–იანი წლების ქართულ კინიში.
კოტე მიქაბერიძე თვითონ გახდა კინორეჟისორი. მან შექმნა მუნჯი კინოს შედევრი, “ჩემი ბებია”, რომელიც საბჭოთა ცენზურამ დაბლოკა. ფილმი აკრძალული იყო 1976 წლამდე.
1939 წელს ის შევიდა კომუნისტურ პარტიაში. მუშაობდა კინორეჟისორად კინოსტუდია “ქართულ ფილმში” 1940–1950–იან წლებში
1957 წლის 2 თებერვალს საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა კოტე მიქაბერიძე დააპატიმრა . იგი ეჭვმიტანილი იყო 4 ანონიმური წერილის ავტორობაში, რომელიც გაზეთის რედაქციებსა და სხვადასხვა პირებს გაეგზავნათ.
მიქაბერიძემ სრულად აღიარა ბრალი, რომ წერილები მისი დაწერილი იყო და განმარტა, რომ ეს საქციელი გამოწვეული იყო 1956 წლის 9 მარტის ახლაგაზრდული პროსტალინური დემონსტრაციის დარბევით მიღებული მძიმე შთაბეჭდილების გავლენით, დეპრესიითა და ფსიქიკური აშლილობით.
ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია:
“ ...ის აცნობიერებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ნანობს, მაგრამ ამბობს, რომ მას არ შეუძლია თავისი საქციელის ახსნა და ამას ამნეზიას უკავშირებს. ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი მისი დაავადების ბრალია, განსაკუთრებით იმ დროს, როცა მან დანაშაული ჩაიდინა. საავადმყოფოში ყოფნისას ის ძირითადად მშვიდია, კონტაქტური და შრომისუნარიანი; ხშირად ხატავს – საკმაოდ მკაფიო ფიგურებს. ექიმებთან ზრდილობიანად იქცევა, ემოციურად ლაპარაკობს თავის შემოქმედებით გეგმებზე. ზოგჯერ უკონტაქტოა, არაფერს ამბობს. ძირითადად წევს საწოლში. ინტელექტუალურ სფეროში არ აღინიშნება რეალური გადახრები. ლოგიკურად აზროვნებს, აქვს ადეკვატური ასოციაციები. ყურადღება მცირედ მოდუნებული აქვს. მეხსიერება, განსაკუთებით ფიქსაციური, შენელებული. არ აღენიშნება ბოდვითი იდეები, არ აქვს ჰალუცინაციები. რეალობის მიმართ კრიტიკულია. შესაბამისად, ჩვენი დასკვნაა, რომ პაციენტ კ.ა. მიქაბერიძეს არ აღენიშნება ფსიქიკური აშლილობა, მაგრამ არის გამოკვეთილად ფსიქოპათიური პიროვნება. ამჟამად აღენიშნება ჰიპერტონია და ტვინის სისხლძარღვთა სკლეროზი. გამოძიების მასალებსა და ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დანაშაულის ჩადენისას ის რეაქტიული ნევროზის (ასთენო–დეპრესიული სინდრომის) ფაზაში იმყოფებოდა, მაგრამ, რადგანაც ფსიქიატრიული დაავადების რეალური სიმპტომები არ აღმოაჩნდა, ჩვენ შეგვიძლია მივიჩნოთ ის ნორმალურად. ჰიპერტონიის მკურნალობა მას შეუძლია გააგრძელოს ციხის საავადმყოფოში”.
1957 წლის 26 აპრილს საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ კოტე მიქაბერიძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის ვადა მოიხადა მორდოვიის პოლიტიკურ პატიმართა ბანაკში.
1959 წელს, ბანაკიდან განთავისუფლების შემდეგ, ის დაბრუნდა სამშობლოში.
გარდაიცვალა 1973 წლის 9 იანვარს.
საქართველოს სსრ ყოფილი КГБ–ს არქივში დაცულია კოტე მიქაბერიძის სისხლის სამართლის საქმე N5702. საქმე დაუზიანებლადაა შენარჩუნებული და მოიცავს სისხლის სამართლის წარმოების სრულ პროცესს: დაპატიმრების ოქმს, კოტე მიქაბერიძის ანკეტას, მისი და მოწმეების დაკითხვების ოქმებს, ხელნაწერების ექსპერტიზის ოქმების, მიქაბერიძის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას და საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს სხდომის ოქმებს. ვინაიდან კოტე მიქაბერიძე კომუნისტური პარტიის წევრი და გამოჩენილი კინორეჟისორი იყო, საქმეში მოიპოვება პარტიული დახასიათება, კინოსტუდია “ქართული ფილმის” გაცემული დახასიათება და კოტე მიქაბერიძის პროფესიული კინონამუშევრების სია და სხვ.
კოტე მიქაბერიძის შესახებ არსებული КГБ-ს დოკუმენტების ნახვა და ჩამოტვირთვა შესაძლებელია უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობის ციფრულ არქივში.