ua
en
cz

რომანს სუტა

მხატვარი

1896
|
1944

დაიბადა 1896 წელს, გზად, ოჯახის მოგზაურობისას ძერბენეს ეპარქიასთან ცესისთან ახლოს. სწავლობდა ფსკოვის რეალურ სასწავლებელში, მაგრამ სწავლა არ დაუსრულებია, რადგან ძმასთან ერთად გაიქცა რიგაში 1910 წელს. დაახლოებით ერთი წელი ისინი მუშაობდნენ სავაჭრო გემებზე სტიუარდებად.

1913 წელს რომანსმა გადაწყვიტა, მხატვარი გამხდარიყო და სწავლა დაიწყო იულის მადერნიეკსის სტუდიაში, რიგაში. ამის შემდეგ მალევე მიიღეს რიგის სახელოვნებო სკოლაში. ამ პერიოდში ის დაუმეგობრდა ჟეკაბს კაზაქსს, ერთ-ერთ პირველ ლატვიელ მოდერნისტს.

1915 წელს ის იძულებული გახდა, მიეტოვებინა სწავლა სახელოვნებო სკოლაში, რადგან პირველი მსოფლიო ომის გამო მისი ოჯახი ევაკუაციით გადაიყვანეს სანკტ-პეტებურგში. რუსეთში ყოფნისას სუტამ პენზის სახელოვნებო სკოლაში გააგრძელა სწავლა, სადაც ის შეხვდა სხვა ბევრ ლატვიელ მხატვარს. მათ შორის იყვნენ კონრადს უბანსი, ჟეკაბს კაზაქსი და ვოლდემარს ტონი. აქვე, პენზაში გაიცნო სუტამ თავისი მომავალი მეუღლე, რუსი მხატვარი - ალექსანდრა ბელკოვა.

Romans Suta and Aleksandra Beltsova. 1920
Romans Suta and Aleksandra Beltsova. 1920

1917 წლის აგვისტოში რომანს სუტა ჩაეწერა ზემგალეს მე-5 მსროლელთა პოლკში. სუტა პეტროგრადში იყო ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების დროს. 1917 წლის დეკემბერში ის დაბრუნდა ლატვიაში და 1919 წელს გაწევრიანდა ექსპრესიონისტთა ჯგუფში, რომელიც 1920 წელს გადაკეთდა რიგის არტისტულ ჯგუფად.

1922 წელს რომანს სუტა დაქორწინდა ალექსანდრა ბელკოვაზე და ისინი დრეზდენისა და ბერლინის გავლით გაემგზავრნენ პარიზში. პარიზში მათ მეგობრობა გააბეს ამადეი ოზანფანტთან, ლე კორბუსიერთან და სხვებთან.

ლატვიაში დაბრუნების შემდეგ მათ ლატვიის საზოგადოებაში დანერგეს კუბიზმისა და კონსტრუქტივიზმის იდეები. სუტამ 1924 წელს გახსნა ფაიფურის სამხატვრო სტუდია - ბალტარსი. 1929-იდან 1934 წლამდე სუტა მუშაობდა რიგის სახალხო უნივერსიტეტში მხატვრობისა და ფერწერის ლექტორად. 1934 წელს მან თავისი სტუდია გახსნა რიგაში.

1940 წელს საბჭოთა კავშირის მიერ ლატვიის ოკუპაციის შემდეგ სუტამ დაიწყო მუშაობა რიგის ფილმის სტუდიაში მთავარ მხატვრად ფილმისთვის “კაუგურიეში”. 1941 წლის ივნისის ბოლოს, როცა სუტა მუშაობდა ფილმზე “მელანქოლიური ვალსი” (კომპოზიტორ ემილს დარზინშის ცხოვრებაზე), ის აიძულეს ევაკუირებულიყო საბჭოთა კავშირში ფილმის გადამღებ ჯგუფთან ერთად. ის ცხოვრობდა მოსკოვში, შემდეგ ალმა-ატაში და ბოლოს დამკვიდრდა თბილისში. თბილისში რომანს სუტა მუშაობდა კინოსტუდია “ქართული ფილმში” და ჩართული იყო შემოქმედებით საქმიანობაში.

1943 წლის 4 სექტემბერს საქართველოს სსრ შინსახკომმა რომანს სუტა დააპატიმრა . გამოძიება ამტკიცებდა, რომ აღმოაჩინა ანტისაბჭოთა ორგანიზაცია, რომელიც ამზადებდა ამბოხებას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ გერმანიის ნაცისტურ შეიარაღებულ ძალების დახმარებით. შინსახკომის დასკვნის თანახმად, ანტისაბჭოთა ჯგუფის წევრები ბეჭდავდნენ ყალბ სასურსათო ტალონებს და ყიდდნენ არალეგალური ორგანიზაციისთვის ფინანსების მოსაპოვებლად.

გამოძიების საბრალდებო დასკვნაში მითითებულია:

“...სუტას [ბრალად ედება], რომ - ანტი-საბჭოთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრებთან ერთად, მუსტაფა შელიას და ამირეჯიბის ხელმძღვანელობით, მოაწყეს პურის ყალბი ტალონების ბეჭდვა. მან ტალონების საცავის გასაღების ასლი დაამზადა და გატანილი ნიმუშების მიხედვით დაიწყო ყალბი ტალონების დამზადება. მან ასევე აღიარა, რომ მზეჭაბუკ ამირეჯიბის სახლში ყალბი ტალონების ბეჭდვისას, ისინი უსმენდნენ საზღვარგარეთულ რადიო არხებს და ჩაბმული იყვნენ ბილწ ანტი-საბჭოთა საუბრებში…”

ბრალდებულმა მზეჭაბუკ ამირეჯიბმა აღიარა:

“... ჩვენ ყველანი ვეწინააღმდეგებოდით საბჭოთა ხელისუფლებას და ვაკრიტიკებდით არსებულ რეჟიმს. ხელისუფლებისადმი ყველაზე შეურიგებელი რომან სუტა, შელია და დედაჩემი იყვნენ. რომან სუტა ბოლშევიკ-კომუნისტების ყოველ ხსენებაზე ილანძღებოდა და იგინებოდა. ამავდროულად ყველაზე დიდ სიძულვილს გამოხატავდა საბჭოთა ხალხების მშობელი მამის მიმართ…”

1944 წლის 12 აპრილს НКВД–ს შეიარაღებული ძალების სამხედრო ტრიბუნალმა რომანს სუტას დახვრეტა მიუსაჯა. ის დახვრიტეს 1944 წლის 14 ივლისს.

საქართველოს სსრ ყოფილი КГБ–ს არქივში დაცულია მოქალაქეთა ჯგუფის მათ შორის, რომანს სუტას სისხლის სამართლის საქმე - N44264-ს მრავალი მრავალი ტომი. საქმის ძირითადი ნაწილი 1991 წელს გადაეცა ქართული ლიტერატურის მუზეუმს და შემდგომ დაიკარგა. გადარჩენილ ტომებში დაცულია სისხლის სამართლის პროცესზე საზედამხედველო წარმოების მასალები, შინსახკომის ჯარების ტრიბუნალის სხდომის მასალები, მსხვერპლთა პირადი დოკუმენტები, შინსახკომის პატირმების სარეგისტრაციო ფოტოები. რომანზ სუტას, როგორც იატაქვეშა კონსპირაციული ორგანიზაციის შექნაში ეჭვიმიტანილის შესახებ არსებული მასალები ფოკუსირებულია მის “ანტსაბჭოთა საქმიანობაზე” - საზღვარგარეთ გაქცევის მცდელობაზე, ყალბი ტალონების წარმოებაზე მის ურთიერთობებზე სხვა ეჭმიტანილებთან. მისი შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ დოკუმენტები საქმეში დაცულ მასალებში არ ფიგირირებს. მასალები გვიჩვენებს იმასაც, როგორ ცდილობდა სახელმწიფო უშიშროება, ეპოვა რომანს სუტას ოჯახის კვალი.

რომანს სუტას შესახებ არსებული КГБ-ს დოკუმენტების ნახვა და ჩამოტვირთვა შესაძლებელია უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობის ციფრულ არქივში.