ua
en
cz

მიხეილ

 

ჯავახიშვილი

მწერალი, პოლიტიკოსი

1880
|
1937

დაიბადა 1880 წლის 8 (20) ნოემბერს სოფელ სიონში (წერაქვში), სამხრეთ საქართველოში. მისი ნამდვილი გვარია ადამაშვილი. დაამთავრა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლა. სწავლა გააგრძელა ნიკიტსკის სამეურნეო სკოლაში; 1901 წელს ოჯახური ტრაგედიის გამო (ავაზაკებმა ამოხოცეს მისი ოჯახი) შეწყვიტა სწავლა და დაბრუნდა სამშობლოში.

მიხეილ ჯავახიშვილმა სამწერლო კარიერა დაიწყო 1903 წელს. აქვეყნებდა ნოველებს ქართულ პრესაში. მან ახალი თანამედროვე სამწერლო სტილი დაამკვიდრა ქართულ ლიტერატურაში.

ამავე პერიოდში ის გაწევრიანდა იატაკქვეშეთში მოქმედ ქართულ სოციალ–ფედერალისტთა რევოლუციურ პარტიაში. მუშაობდა რედაქტორად სხვადასხვა ქართულ გაზეთებსა და ჟურნალებში.

პოლიტიკური აქტიურობის გამო ორჯერ იყო რეპრესირებული. 1906 წელს, სამართალში მიცემის შემდეგ, არალეგალურად წავიდა ემიგრაციაში. 1910 წელს ისევ დააპატიმრეს. 1 წელი გაატარა ციხეში, 5 წელი კი გადასახლებაში.

განთავისუფლების შემდეგ მან გააგრძელა შემოქმედებითი და პოლიტიკური საქმიანობა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მუშაობდა სრულიად რუსეთის წითელ ჯვარში, ჩრდილოეთ სპარსეთში.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918–1921) მიხეილ ჯავახიშვილი მუშაობდა რესპუბლიკის სავაჭრო და ინდუსტრიულ პალატაში. ამავე პერიოდში ის იყო საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიულ პარტიიის ერთ–ერთი დამფუძნებელი და ერთ–ერთი აქტიური ლიდერი. პარტიის გაზეთის პუბლიცისტი.

1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მიხეილ ჯავახიშვილი ჩაება იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობაში. ის იყო საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის იატაკქვეშა ცენტრალური კომიტეტის წევრი (თავმჯდომარის მოადგილე); იყო მისი წარმომადგენელი წინააღმდეგობის ორგანიზაციაში ― საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტში.

პარალელურად ის მუშაობდა საქართველოს სსრ მიწადმოქმედების სახალხო კომისარიატში, სახალხო მეურნეობის უმაღლეს საბჭოში (ВСНХ) და ამიერკავკასიის სფსრ საგარეო ვაჭრობის კანტორაში. ასევე მუშაობდა ჭიათურის მანგანუმის საექსპორტო საზოგადოებაში (“ჩემო”).

1923 წლის 24 თებერვალს მიხეილ ჯავახიშვილი დააპატიმრა მე–11 წითელი არმიის საგანგებო განყოფილებამ (არმიის უშიშროების სამსახური). ის გადასცეს საქართველოსა და ამიერკავკასიის ჩეკას. გამოძიების პროცესში ჯავახიშვილი დასთანხმდა, შეეწყვიტა პოლიტიკური საქმიანობა და ჩაბმულიყო ქართული ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის თვითლიკვიდაციის პროცესში, რომელსაც ბოლშევიკური რეჟიმი და სახელმწიფო უშიშროება წარმართავდა. ამის შემდეგ ის 1923 წლის 4 აგვისტოს პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

შემდეგ წლებში მიხეილ ჯავახიშვილი აქტიურად მუშაობდა თავის ეპოქალურ ნოველებზე, რითაც მან ქართულ ლიტერატურაში ახალი ერა შექმნა. მისი შემოქმედებითი მიდგომები და ხაზი არ იყო მისაღები კომუნისტური რეჟიმის იდეოლოგიისა და სახელმწიფო ცენზურისათვის, მაგრამ 1920–იანი წლების სახელმწიფოს დღის წესრიგი არ კრძალავდა ამ ნაწარმობების დაბეჭდვას, თუმცა კომუნისტური პრესა და პროლეტარი მწერლები სასტიკად აკრიტიკებდნენ მწერალს.

1937–1938 წლების დიდი ტერორის დროს, 15 აგვისტოს მიხეილ ჯავახიშვილი კვლავ დააპატიმრა საქართველოს სსრ შინსახკომმა. გამოძიების მიერ ფალსიფიცირებულ სცენარზე დაყრდნობით ჯავახიშვილი გამოყვანეს ― “კონტრრევოლუციური ფაშისტური იატაკქვეშა ორგანიზაციის” ლიდერად.

უმძიმესი წამების შემდეგ მან აღიარა “დანაშაული”. მოგვიანებით მისი ხელნაწერი აღიარებითი ჩვენება გამომძიებელმა თუ არქივისტმა არასწორად დაათარიღა ― 21.06.1937, რამაც შემდგომში დიდი გაუგებრობა წარმოშვა მისი რეპრესიის ისტორიასთან დაკავშირებით.

საბრალდებო დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ მიხეილ ჯავახიშვილი:

“1. იყო კონტრრევოლუციური ფაშისტური, დივერსიული, საბოტაჟური და ჯაშუშური ორგანიზაციის მეთაური;
2. აქტიურად იყო ჩართული შიდაპარტიული კომიტეტის საქმიანობაში, რომელიც კოორდინაციას უწევდა ყველა ანტისაბჭოთა ძალის საქმიანობას საქართველოში;
3. უცხო ქვეყნების სასარგებლოდ ეწეოდა აქტიურ ჯაშუშურ და სადაზვერვო საქმიანობას.”

1937 წლის 30 სექტემბერს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ მიხეილ ჯავახიშვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ის დახვრიტეს იმავე ღამით ― 1937 წლის 1 ოქტომბერს.

1954 წლის 26 ივნისს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ მიხეილ ჯავახიშვილის რეაბილიტაცია მოახდინა.

საქართველოს სსრ ყოფილი КГБ–ს არქივში მიხეილ ჯავახიშვილის ერთი სისხლის სამართლის საქმეა დაცული ― N23152. საქმე შეიცავს დაპატიმრების ორდერს, მიხეილ ჯავახიშვილის ანკეტას, დაკითხვის ოქმებს, ჩეკას სხვადასხვა განყოფილებების მიმოწერას მის შესახებ, ჯავახიშვილის განცხადებებს და სხვ. სახელმწიფო უშიშროება ფოკუსირდება მიხეილ ჯავახიშვილის როლზე იატაკქვეშა მოძრაობაში. ის მონიშნულია, როგორც ქართული ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ერთ–ერთი ლიდერი. აქცენტი არ კეთდება მის შემოქმედებით საქმიანობაზე.

მიხეილ ჯავახიშვილის 1937 წლის სისხლის სამართლის საქმე,1991 წელს საქართველოს სსრ КГБ–მ სხვა რეპრესირებული მწერლების საქმეებთან ერტად გადასცა ქართული ლიტერატურის მუზეუმს. მუზეუმის თანამშრომლები შეუდგნენ ამ საქმეთა შესწავლას ― პირველ რიგში გაკეთდა მიხელ ჯავახიშვილის საქმის ნაწილის ქსეროასლი. მალე საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წარმომადგენლებმა მოითხოვეს ყველა საქმის პრეზიდენტის კანცელარიაში დროებით გადატანა. 1991 წლის დეკემბრის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, როცა მთავრობის სასახლე დაიწვა, რეპრესირებული მწერლების საქმეები უკვალოდ დაიკარგა.

მიხეილ ჯავახიშვილის საქმის ნაწილის ასლი დღემდე ინახება ქართული ლიტერატურის მუზეუმში. საქმე შეიცავს ძირითადი სისხლის სამართლის პროცესის ასლებს: დაპატიმრების ორდერს, მიხეილ ჯავახიშვილის ანკეტას, მისი და სხვა ეჭმიტანილების დაკითხვის ოქმებს, ბრალდებულთა დაპირისპირების ოქმებს, სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის სესიის ოქმების. გამოძიების მთავარი აქცენტი მიმართულია, დაამტკიცოს ვერსია, რომლითაც მიხეილ ჯავახიშვილი გამოყვანილი უნდა იყოს მწერალთა წრის მემარჯვენე ფრთის იატაკქვეშა კონსპირაციული ორგანიზაციის წევრად; შესაბამისად, გამოძიება არ იყო დაინტერესებული, გამოეყენებინა ჯავახიშვილის ლიტერატურული მემკვიდრეობა, როგორც მისი ანტისაბჭოთა საქმიანობის მთავარი მტკიცებულება.

მიხეილ ჯავახიშვილის შესახებ არსებული КГБ–ს დოკუმენტების ნახვა და ჩამოტვირთვა შესაძლებელია უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობის ციფრულ არქივში.