ua
en
cz

პეტრე

 

ბაგრატიონ–გრუზინსკი

პოეტი

1920
|
1984

დაიბადა 1920 წლის 28 მარტს თბილისში, ქართლ–კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII–ის შთამომავალთა ოჯახში.

1937 წელს დაამთავრა მე–4 რკინიგზის საშუალო სკოლა. სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1941 წელს.

პეტრე გრუზინსკიმ ადრეულ ასაკში დაიწყო ლექსების გამოქვეყნება – 13 წლიდან, ფსევდონიმით “თამარაშვილი”.

დედა – თამარ ხეჩინაშვილი 1941 წელს დააპატიმრეს და 5 წლით გადაასახლეს.

პეტრე ორჯერ დააპატიმრეს – 1937 და 1942 წლებში.

1940-იან წლებში პეტრე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში.

1945 წლის 27 მარტს ის მეგობრების ჯგუფთან ერთად კვლავ დააპატიმრა საქართველოს სსრ უშიშროების სახალხო კომისარიატმა. გამოძიება ამტკიცებდა, რომ მან შექმნა ახალგაზრდა პოეტების ჯგუფი, რომლებიც გამოსცემდნენ ხელნაწერ არალეგალურ ჟურნალს - “ანათემას”, რომელშიც აქვეყნებდნენ ანტისაბჭოთა ლექსებს, რომ პეტრე გრუზინსკი ოცნებობდა, აღედგინა მონარქია საქართველოში და მეფე თვითონ გამხდარიყო.

გამოძიების საბრალდებო დასკვნაში მითითებულია:

“... გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები: გრუზინსკი–ბაგრატიონი, აღნიაშვილი, მჭედლიშვილი, აბრამიშვილი და შანშიაშვილი იყვნენ რა ანტისაბჭოთად განწყობილები, გრუზინსკი–ბაგრატიონის მეთაურობით გაერთიანდნენ ე.წ. “ლიტერატურულ სალონში”. იმავე გრუზინსკი–ბაგრატიონის ორგანიზებით ისინი სისტემატურად მართავდნენ შეხვედრებს, სადაც თავიანთი ანტისაბჭოთა ლექსებისა და სხვა ნამუშევრების გარჩევის გარდა, განადიდებდნენ თბილისში უკვე ლიკვიდირებულ კონტრრევოლუციური ჯგუფების წევრებს. ამჟღავნებდნენ ანტისაბჭოთა გადახრებს, მათ შორის, შეურაცხყოფდნენ საბჭოთა ერების მშობელ მამას. ისინი ემხრობოდნენ მონარქიის აღდგენას საქართველოში და ოცნებობდნენ, საქართველოს მეფედ გრუზინსკი–ბაგრატიონი ეხილათ, რომელიც ტახტის მემკვიდრეობაზე აცხადებს პრეტენზიას. ეს ანტისაბჭოთა და შოვინისტური განწყობების ახალგაზრდა პოეტები პრინციპულად არ აქვეყნებდნენ თავიანთ ლექსებს საბჭოთა პრესაში დარწმუნებულები არიან რა, რომ მათი იდეები და პოზიციები შეუთავსებელი იყო არსებულ რეჟიმსა და თანამედროვე პოეზიის დღის წესრიგთან.
თითოეული მათგანი მონაწილეობდა ხელნაწერი ჟურნალის, “ანათემას” გამოცემაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა გრუზინსკი–ბაგრატიონი. იქ აქვეყნებდნენ შენიღბულ ანტისაბჭოთა პოეზიას. მათ გამოუშვეს ჟურნალის ორი ნომერი, რომელიც გაავრცელეს ახლო მეგობართა წრეში”.

გამოძიების პროცესში ფსიქოლოგიური ზეწოლისა და წამების ქვეშ, პეტრე გრუზინსკიმ შეძლო დაერწმუნებინა უშიშროების სახალხო კომისარიატი თავის ფსიქიკურ აშლილობაში. ის ფსიქიატრიულ ინსტიტუტში გაგზავნეს იძულებითი რეაბილიტაციისათვის და მოგვიანებით მასზე გამოძიება შეწყდა. სხვა დაპატიმრებულები საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გულაგში - ე.წ. “შრომა-გასწორების კოლონიბეში” გაგზავნეს სასჯელის მოსახდელად.

შემდგომში პეტრე გრუზინსკი ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში. იყო მრავალი პოპულარული სიმღერის ტექსტის ავტორი.

საქართველოს სსრ ყოფილი КГБ–ს არქივში დაცულია საქმე N45285 – 6 ტომი, ახალგაზრდა პოეტთა ჯგუფის - პეტრე გრუზინსკი–ბაგრატიონის, მარიამ აბრამიშვილის, ლიზა აღნიაშვილის, თამარა შანშიაშვილის და შალვა მჭედლიშვილის შესახებ. საქმის ძირითადი ნაწილი 1991 წელს გადაეცა ქართული ლიტერატურის მუზეუმს და შემდგომ დაიკარგა. გადარჩენილ ტომებში დაცულია სისხლის სამართლის პროცესზე საზედამხედველო წარმოების მასალები, საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს სესიის მასალები, მსხვერპლთა პირადი დოკუმენტები ხელნაწერებისა და ლექსების ჩათვლით, მსხვერპლთა ფოტოები, პეტრე გრუზინსკის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ოქმები, აგენტურული ინფორმაცია და თვალთვალის მასალები. რადგან რეპრესიის მიზანს არალეგალური პოეტური კრებული წარმოადგენდა, მასალები შეიცავს ნაწარმოებების სიუჟეტების ანალიზს და მათ რუსულ თარგმანებს.

პეტრე გრუზინსკის შესახებ არსებული КГБ-ს დოკუმენტების ნახვა და ჩამოტვირთვა შესაძლებელია უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობის ციფრულ არქივში.