ua
en
cz

გივი

 

ბარამიძე

ხელოვნებათმცოდნე, კინოკრიტიკოსი

1929
|
1990

დაიბადა 1929 წელს სოფელ ლესაში (დასავლეთ საქართველო, გურია). 1953 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტი. მუშაობდა საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს კინოს სამმართველოში სარეკლამო განყოფილების რედაქტორის ასისტენტად. ამავე დროს მუშაობდა კინოკრიტიკოსად, აქვეყნებდა სტატიებსა და წიგნებს.

1958 წლის 15 იანვარს საქართველოს სსრ უშიშროების კომიტეტმა გივი ბარამიძე დააპატიმრა ანტისაბჭოთა არალეგალური პროკლამაციებისა და ბროშურების ავტორობის ბრალდებით.

გივი ბარამიძემ მეორე ეჭვმიტანილთან, იროდიონ ფაჩულიასთან ერთად, აღიარა, რომ მათ არალეგალური ფურცლების გამოცემა დაიწყეს საბჭოთა რეჟიმის მიერ 1956 წლის 9 მარტის პროსტალინური ახალგაზრდული დემონსტრაციის სასტიკი დარბევის შემდეგ და ამ ფურცლებს თბილისის სხვადასხვა უბანში ავრცელებდნენ.

გამოძიების საბრალდებო დასკვნაში მითითებულია:

“ანტისაბჭოთა განწყობების მქონე ი. ლ. ფაჩულია და გ.ი. ბარამიძე 1956 წლის მარტის ბოლოდან იწყებენ ანტისაბჭოთა საქმიანობას და თბილისში ანტისაბჭოთა პროკლამაციებისა და ბროშურების დამზადებას, ასლებად გადამრავლებასა და გავრცელებას. ამისთვის ისინი იყენებენ ქართული ტიპოგრაფიულ შრიფტებს, სხვადასხვა კლიშეებს, საღებავებს და სხვა მოწყობილობებს, რომლებიც ი.ლ. ფაჩულიამ 1955 წლის ივლისსა და 1956 წლის მარტში მოიპარა ბეჭდვითი სიტყვის კომბინატიდან. ასევე ორი კლიშე, მათ შორის, ცნობილი ნახატის, “ბურლაკების” ასლი, რომელიც გ.ი. ბარამიძემ “ზარია ვასტოკას” სტამბიდან მოიპარა.
სანამ თავიანთ ჩანაფიქრს განახორციელებდნენ, ბრალდებულები: ფაჩულია და გ.ი. ბარამიძე 1956 წლის მაისში ბეჭდავენ, აწარმოებენ, ასლებად ამრავლებენ და თბილისში ავრცელებენ “ბურლაკების” გამოსახულებიან ფართოფორმატიანი ანტისაბჭოთა პროკლამაცია N2–ის 30–მდე ეგზემპლიარს. დანარჩენი ნიმუშები თბილისში 1957 წლის მაის–ივნისში გავრცელდა…
1956 წლის ნოემბრის დასაწყისში, პირადად გ.ი. ბარამიძემ დაბეჭდა მცირე ზომის ანტისაბჭოთა პროკლამაციების 15 ეგზემპლიარი, რომლითაც სტუდენტებს მოუწოდებდა 1956 წლის 7 ნოემბრის ზეიმის ბოიკოტისაკენ. ი.ლ. ფაჩულიამ და გ.ი. ბარამიძემ პროკლამაციები გაავრცელეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარშემო და სტუდქალაქში.
ბრალდებული გ.ი. ბარამიძე ასევე წერდა ანტისაბჭოთა ლექსებსა და ხატავდა კარიკატურებს, ეს ხელნაწერი ეგზემპლიარები სახლის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოიღებული და მოცემულ საქმეს თან ერთვის, როგორც ნივთიერი მტკიცებულებები”.

1958 წლის 25 მარტს საქართველოს სსრ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ გივი ბარამიძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთ მიუსაჯა. მან სასჯელი მოიხადა მორდოვიაში, პოლიტიკურ პატიმართა ბანაკში.

1960 წელს გივი ბარამიძეს სასჯელის ვადა 5 წლამდე შეუმცირეს. 1963 წელს ის პატიმრობიდან გათავისუფლდა.

გარდაიცვალა თბილისში 1990 წლის 16 ივლისს.

საქართველოს სსრ ყოფილი КГБ-ს არქივში დაცულია გივი ბარამიძისა და იროდიონ ფაჩულიას სისხლის სამართლის საქმე N5802. საქმე დაუზიანებლადაა შენარჩუნებული და სისხლის სამართლის წარმოების მთელს პროცესს ასახავს. მასალებში წარმოდგენილია - დაპატიმრების ორდერები, ორივე პატიმრის ანკეტები, მათი და მოწმეთა დაკითხვის ოქმები, ხელნაწერების ექსპერტიზის დასკვნა, ბარამიძის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა და საქართველოს სსსრ უზენაესი სასამართლოს სხდომის ოქმი. ნივთმტკიცებულების სახით საქმეზე თანდართულია ბარამიძისა და ფაჩულიას დაბეჭდილი არალეგალური ბროშურები, წერილები და პლაკატები. ბარამიძის ბინის ჩხრეკის პროცესი ფოტოდოკუმენტირებულია, ნაჩვენებია საბეჭდი მოწყობილობები, ბეჭდური მასალების ნიმუშები და სხვ.

გივი ბარამიძის შესახებ არსებული КГБ-ს დოკუმენტების ნახვა და ჩამოტვირთვა შესაძლებელია უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობის ციფრულ არქივში.